“მთავარი არხის” დამფუძნებლისთვის ციხის კარი ზუსტად ღამის 12:00 საათზე გაიღო. ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, მთავარარხელები, პოლიტიკოსები და მეგობრები ელოდებოდნენ. ნიკა გვარამიამ გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარში თქვა, რომ გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი იყო.
ნიკა გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მის მიერ წარსულში პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით ბოდიშს უხდის სალომე ზურაბიშვილს. გვარამიას თქმით, მას შეწყალება არ უთხოვია, რადგან თავს დამნაშავედ არ ცნობს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა. პრეზიდენტი განმარტავს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უზენაესმა სასამართლომ გვარამიას საკასაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.