შვედეთის დედაქალაქში დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესახებ მომზადებული ზეპირი დასკვნა გააცნო. რომელიც ევროინტეგრაციის კუთხით შესრულებულ და შეუსრულებელ რეკომენდაციებს ეხება. დახურული შეხვედრის შედეგები რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.
ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ზეპირი მოხსენება წარუდგინა, რომლითაც შეაფასა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შეხვედრა ბრუსელში დახურულ კარს მიღმა გაიმართა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკომისია საქართველოს თორმეტიდან სამ რეკომენდაციას შესრულებულად უთვლის, ხოლო საქართველოს 1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი; 7 რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“, ხოლო 1 რეკომენდაციაზე „ლიმიტირებული პროგრესი“ აქვს. მედიის პლურალიზმი აღმოჩნდა ის ერთადერთი რეკომენდაცია, რაზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს პროგრესი საერთოდ არ აქვს.
ევროკომისიამ ხაზი გაუსვა რამდენიმე პუნქტს, რაზეც საქართველოს დამატებით მუშაობა სჭირდება: სასამართლო სისტემა, ინსტიტუციების დამოუკიდებლობა, კორუფცია, ხოლო დეოლიგარქიზაციის პუნქტზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს გაუმეორეს რომ საჭიროა „სისტემური მიდგომა“. შეფასება ერთგვარი შუალედური მიმოხილვაა იმ დასკვნამდე, რომელსაც ევროკომისია ოქტომბრის მეორე ნახევარში წარადგენს.
ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც წლის ბოლოს იქნება, ქართველ პოლიტიკოსებს განსხვავებული მოლოდინები აქვთ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეკომენდაციები არ შესრულებულა, თუმცა იმედოვნებენ, რომ დასავლეთი საქართველოს შანსს მაინც მისცემს და ბრიუსელში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ევროკომისიის შეფასების მიუხედავად, ქართული ოცნება კვლავ იმეორებს, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია, ხოლო შეუსრულებელ პუნქტზე – დეპოლარიზაციაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.