ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა, რომელთა ნაწილიც უკვე 2 დღეა რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს, დღეს პარლამენტიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისამდე მსველელობა მოაწყვეს. გაფიცულების მთავარი მოთხოვნა უცვლელია – გაიზარდოს ხელფასები 40%-ით და გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები.
მაღაროელების მსვლელობას შეურთდნენ პოლიტიკოსებიც. პარტია „ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნინო წულაძე ამბობს, რომ გაფიცულთა პროტესტი სამართლიანია და ხელისუფლებამ მათ დასახმარებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„ჯორჯიან მანგანეზის“ შენობასთან ჭიათურელმა მაღაროელებმა განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობას მხოლოდ საკუთარი შემოსავლები ადარდებს და მაღაროელების შრომითი უფლებები არ აინტერესებთ. გაფიცულების პროტესტს „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები შენობიდან აკვირდებოდნენ.
მსვლელობის შემდეგ მაღაროელები ისევ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. გაფიცულებმა და მათმა მხარდამჭერებმა პარლამენტის წინ პროტესტი 6 საათიდან განაახლეს. უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ჭიათურაში 3000-ზე მეტი მაღაროელი გაფიცულია, 10 მათგანი 9 დღეა შიმშილობს. კომპანია აცხადებს, რომ ის ზარალზე მუშაობს და ხელფასების მხოლოდ 5%–ით გაზრდა შეუძლია, რაც მაღაროელებისთვის მიუღებელია. მაღაროელების ნაწილი პროტესტის მიზნით,გუშინ, თბილისში ჩამოვიდა. ისინი 2 დღეა, რაც უწყვეტ აქციას დედაქალაქის მთავარ გამზირზე მართავენ და დაშლას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.