რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების საკითხში პრემიერის მრჩევლის, ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბარს რუს ტელეწამყვან ვლადიმერ პოზნერსა და მის მეგობარ მარკ ზილბერკვიტთან უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. ჩანაწერი, რომელიც გუშინ გავრცელდა 2021 წლის აპრილში შედგა და საუბრისას ზურაბ აბაშიძე პოზნერს და მის მეგობარს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ საქართველოში პროტესტით დახვდნენ. საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კრემლის პროპაგანდისტისთვის მოხდილ ბოდიშებზე პასუხისმგებლობა ღარიბაშვილს ეკისრება, რადგან რჩება შთაბეჭდილება, რომ აბაშიძე სწორედ მის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. ოპოზიციონერ დეპუტატებს არგუმენტად ღარიბაშვილის ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებები მოჰყავთ.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ საქმეს ემსახურება. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, ბარბაროსობა – არა პოზნერისთვის კვერცხების სროლა, არამედ რუსების მიერ მიწასთან გასწორებული ქართული სოფლები და განგრძობადი ოკუპაციაა.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი გავრცელებული ჩანაწერის გამო უხერხულობას ვერ გრძნობენ. „ქართულ ოცნებაში“ პოზნერის ასაკზე აპელირებენ და აცხადებენ, რომ 90 წლის ადამიანი ოკუპანტი არ არის. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ რუსი პროპაგანდისტისთვის კვერცხების სროლა „არაეთიკური ქმედება“ იყო.
ფარული აუდიოჩანაწერი იუთუბგვერდმა Cyber Kmara – მ გამოაქვეყნა. ამავე გვერდმა გამოაქვეყნა წარსულში ბიძინა ივანიშვილის და რუსი ოლიგარქის ევტუშენკოვის სატელეფონო საუბარი. თავად ზურა აბაშიძე საუბრის ავთენტურობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ის დამონტაჟებულია და ფეიკია. 2021 წლის 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოსულ პოზნერს სამოქალაქო აქტივისტები ხმაურიანი პროტესტით დახვდნენ, რის გამოც ის და მისი სტუმრები იძულებულნი გახდნენ საქართველო დროზე ადრე დაეტოვებინათ. ჩანაწერის თანახმად, კრემლის პროპაგანდისტს ზურაბ აბაშიძე ბოდიშს უხდის და ქუჩაში გამოსულ აქტივისტებს „ნაცისტებს“ , „პროვოკატორებს“ და „ზონდერებს“ უწოდებს.