ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის ამოღების შესაძლებლობა არ არსებობს. მისი თქმით, ინტერესების გადაჭარბებული გავლენის არსებობა პრობლემაა საქართველოსთვის და თუ როგორ გადაწყდება ეს პრობლემა, ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ.
“დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი 5. ეს პრიორიტეტი შეათანხმა ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უმაღლეს დონეზე, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე, შარშან. ველოდებით, რომ საქართველო გადაწყვეტს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის საკითხს. ჩვენ მოველით სისტემურ მიდგომას, როგორც ეს ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი და სისტემური მიდგომა ნიშნავს ბევრ სხვადასხვა რამეს, რაც უნდა გაკეთდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეს არის ანგარიშვალდებულება, ეს არის გამჭვირვალობა, ეს არის პოლიტიკური კამპანიების დაფინანსება, ეს არის არჩევნების დაფინანსება, ეს არის მედიის თავისუფლება, ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, ეს არის მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ასე რომ, უნდა შეიქმნას მთელი გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის საშუალება და ჩვენ, ევროკავშირი, აქ ვართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური ელიტების მიერ არჩეული გზა,” – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.