საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის, განსაკუთრებით ევროპარლამენტთან ურთიერთობა, გასული წლის განმავლობაში მშფოთვარე და ქაოტური იყო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროდეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ და უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირებები საკუთარი მოქალაქეებისთვის. პოლიტიკური საქმეები, ღარიბაშვილის რიტორიკა, ფრენები რუსეთთან – ევროპარლამენტარის აზრით ეს არის მიზეზები, რის გამოც საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება და 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით პროგრესი ზედაპირულია.
“წლების წინ საქართველო იყო ლიდერი აღმოსავლელ პარტნიორებს შორის. ფაქტია, რომ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით პროგრესი დაუსრულებელია. ასევე, უნდა ითქვას, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას რამდენიმე ძირითად სფეროში. ევროპარლამენტის წევრები, ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების კოლეგები დაიღალნენ თანამდებობის პირების და მმართველი პარტიის წევრების მხრიდან განცხადებების მოსმენით, რომ ჩვენ ვცდილობთ, ჩავითრიოთ საქართველო მეორე ფრონტის გახსნაში რუსეთის წინააღმდეგ. ეს კრემლის პროპაგანდის ნაწილია. ეს არ არის სიმართლე. ჩვენ ეს არ გვსურს საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. თქვენს არცერთ მეგობარს არასდროს უსურვებია ჩაეთრიეთ კიდევ ერთ სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი. საქართველო უკრაინას და მოლდოვას იმიტომ არ ჩამორჩება, რომ უკან არ ახევინებს რუსეთის არმიას სოხუმიდან, ის ჩამორჩება პოლიტიკური სამართლიანობის საქმეების და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ძალადობის გამო, დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამო, პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას უცხოელი აგენტების კანონპროექტის მიმართ. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში გაკეთებული განცხადების გამო, რომ ლგბტ უფლებების ხელშეწყობა არის ვციტირებ – უმცირესობის უმრავლესობაზე ძალადობის ტოლფასი. საქართველოს მთავრობის მმართველი პარტიის ბუნდოვანი პოზიციის გამო რუსეთის მიმართ, რასაც ადასტურებს მთავრობის უარი თანხვედრაში იყოს ევროკავშირის სანქციებთან. ასევე, რუსეთს და საქართველოს შორის ბოლო დროს პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო. დღეს საქართველოს პოზიცია გზაჯვარედინზეა. როგორც ვთქვი, შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არჩევანი უნდა გააკეთონ ორ გზას შორის. ერთი მიდის ევროკავშირის მომავლისკენ, მეორე მიდის უკან, წარსულში. არჩევანი თქვენზეა. მომავალი თაობის თვალში პოლიტიკური პასუხისმგებლობა თქვენზეა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს საერთო ღირებულებებს, ვალდებულებებს და არ არის მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე დამოკიდებული,” – განაცხადა კალიურანდმა.