ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმზე 47 ქვეყნისა და ევროპული ორგანიზაციების პირველი პირები შეიკრიბნენ. მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ უნდა, რომ რუსეთმა მისი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს, უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს. ზელენსკიმ თქვა, რომ ხედავენ რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, თუ როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს ერთი და იმავე უკანონობის მორევში, სხვადასხვა მეთოდებით.
სამიტის დაწყებამდე კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის NATO-ში გაწევრიანებისთვის.
მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ჩავიდა. სამიტის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას სურვილია, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია იყო ერთ-ერთი თემა, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა სამიტის დაწყებამდე გაამახვილეს ყურადღება.