ევროპარლამენტარების წინაშე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. პოლიტიკოსების ნაწილს მიაჩნია რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალოს. პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ პრეზიდენტს სწორი აქცენტები ჰქონდა, თუმცა, მათი ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილის გზავნილები საკმარისად მკაცრი არ იყო. 13 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა პირველად მიმართა ევროპარლამენტს და იყო მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან გაცილებით მწვავე გზავნილებს გააჟღერებდა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშივლს უნდა ეთქვა, თუ ვინ არის მთავარი წინაღობა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ზურაბიშივლს უნდა ესაუბრა საქართველოს ხელისუფლების რუსულ ინტერესებზე.
პრეზიდენტის გამოსვლით კმაყოფილია მმართველი გუნდი. ამბობენ, რომ ევროპარლამენტარების წინაშე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა დაბალანსებული იყო. რაც შეეხება ოპოზიციის მოლოდინებს, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა ნიკა გვარამია შეიწყალოს, “ოცნებაში” ამბობენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა, გვარამიას შეწყალებაზე არ გადის.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 13 წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოს ისტრორიულ არჩევანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ევროპარლამენტიდან ზურაბიშვილის მიმართვის ადრესატი გახდა ქართული ოცნების ხელისუფლებაც, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არანაირ მუქარას აზრი არ აქვს და იმოქმედებს საქართველოს საუკეთესო მომავლისთვის. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობას ზურაბიშვილმა შეახსენა, რომ ევროკავშირის მოთხოვნები დროულად უნდა დაკმაყოფილდეს. მკაფიო იყო ზურაბიშვილის გზავნილი რუსეთთან მიმართებითაც. პრეზიდენტმა ოკუპანტ ქვეყანას უთხრა, რომ არ დავუჩოქებთ და აფხაზეთი არ იყიდება. რუსეთთან ფრენების აღგდენა კი ზურაბიშივლის თქმით, გამიზნულია იმისთვის, რომ ქვეყანაში შიდა ესკალაცია გაიზარდოს.