ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი ანტიდასავლური განცხადებები, ამჯერად ბრატისლავაში | 30.05.2023

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე  ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.   ჟურნალისტმა ღარიბაშვილს ჰკითხა, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინასთან ომი 2022 წელს, რაზეც ღარიბაშვილმა თავდაპირველად პასუხი არ გასცა და თქვა, რომ მიზეზი ყველამ იცოდა. განმეორებითი შეკითხვის შემდეგ კი, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად NATO-ს გაფართოების პოლიტიკა დაასახელა.

კითხვაზე, იყო თუ არა 2008 წლის ომი არაპროვოცირებული აგრესიის შედეგი, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ 2008 წლის ომი თავიდან აეცილებინათ. მისივე თქმით, 2008 წლის ომი მსოფლიომ სერიოზულად ვერ მიიღო და „ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა“.

ირაკლი ღარიბაშვილმა  პროვოკაციული უწოდა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე საქართველოს მოქალაქის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას და ამ ფონზე საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდას ეხებოდა.  კითხვის ავტორი შოთა ღვინერია იყო, რომელმაც პრემიერ-მინისტრს ჰკითხა: “გააზრებული გაქვთ შედეგები თუ რუსეთი დამარცხდება, რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე”.  ღარიბაშვილმა  კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად ყველაფერს აკეთებს.

ღარიბაშვილს კითხვით მიმართეს, რა მოკლევადიან ნაბიჯებს დგამს საქართველო, რათა რუსეთზე ეკონომიკური თვალსაზრისით, ნაკლებად დამოკიდებული იყოს.

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეოლიგარქიზაციის კანონზეც ისაუბრა და თქვა, რომ რეალური ოლიგარქი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრია.  მოდერატორმა ღარიბაშვილს უთხრა, რომ ოლიგარქზე საუბრისას მან იფიქრა, რომ ღარიბაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა. თუმცა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილის მიმართ ბრალდებები არგუმენტების გარეშეა და როცა დეოლიგარქიზაციის კანონს მიიღებენ, ყველაფერი გაირკვევა.