საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიის ღირებულება – ბლინკენი | 26.05.2023

“ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულება,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული, ევროპული დემოკრატია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულება. მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა უკრაინაში და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი სიმტკიცე, მიიღოს ევროატლანტიკური მომავალი. ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოში და შემდგომ და მიმდინარე ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში. დღევანდელ დღეს მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული, ევროპული დემოკრატია რაც მოქალაქეებს სურთ და რომელსაც სრულიად იმსახურებენ,” – წერს ენტონი ბლინკენი.