ვწუხვართ, გადაწყვეტილების შესახებ მოიხსნას სავიზო რეჟიმი და აღდგეს რუსეთიდან ფრენები საქართველოში ,- ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა გააკეთა. პიტერ სტანოს თქმით, საქართველოს ვალდებულებაა, შეუერთდეს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს საგარეო პოლიტიკაში, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ საქართველოს გზის კუთხით.
“ვწუხვართ, გადაწყვეტილების შესახებ მოიხსნას სავიზო რეჟიმი და აღდგეს ფრენები რუსეთიდან საქართველოში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა დააწესეს სანქციები რუსეთის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ვუშვებთ ფრენებს რუსეთიდან, რუსეთში და რუსეთის თავზე. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება იწვევს შეშფოთებას საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით. საქართველოს ვალდებულებაა, შეუერთდეს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს საგარეო პოლიტიკაში, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით. ნება მომეცით გავიხსენო ის, რაც ასევე ვთქვი გასულ კვირას – გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ასევე შეშფოთებულია რუსეთის საავიაციო სექტორისა და რუსული თვითმფრინავების საერთო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა პიტერ სტანომ.