ევროკავშირის პრესსპიკერი, პიტერ სტანო რუსეთის მიერ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებებს ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, “მათ შორის ავიაციის სექტორში.”
“ჩვენ რა თქმა უნდა მოვისმინეთ რუსეთის გადაწყვეტილება, რომ გაეუქმებინათ საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ამ კონტექსტში ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ უკანონო აგრესიის გამო ევროკავშირის რამდენიმე წევრმა და პარტნიორმა ქვეყანამ შემოიღო სანქციები რუსეთის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ და ჩვენ ავკრძალეთ ფრენები რუსეთში, რუსეთიდან და რუსეთის გავლით. ამიტომ, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ, რომ შეუერთდეს ამ სანქციებს და იყოს ფხიზლად, რათა აღკვეთოს სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა საავიაციო სექტორში. გარდა ამისა, საქართველომ არ უნდა დაუშვას საკუთარ ტერიტორიაზე საფრთხისშემცველი რუსული თვითმფრინავები, რადგან სანქციების გამო რუსეთს არ აქვს საშუალება, რომ შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები ჩაატაროს საკუთარ თვითმფრინავებზე, რათა ფრენა უსაფრთხო იყოს,” – განაცხადა პიტერ სტანომ.