“ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა ევროპის სოციალისტური პარტია თავად დატოვოს, ამის შესახებ მინიშნება ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა. უნგრეთში საქართევლოს პრემიერს გამოსვლა ევროპელი სოციალისტების პარტიამ საგანგებო განცხადებით დაგმო. პარტიის პრეზიდენტმა თქვა, რომ მომავალ სხდომაზე “ქართული ოცნებისთვის” სტატუსის შეჩერებას განიხილავენ. დღეს კი პრემიერმა განაცხადა, რომ მან უნგრეთში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, “ოჯახის სიწმინდეზე” და მისი გამოსვლა არ შეიცავდა ჰომოფობიურ გზავნილებს.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნეოფაშისტები და ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა და ქვეყანას მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 1%-იანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები, ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს ვერ მოაწყობენ, ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად ხედავს, რაც ხდება.