დაავადებული ცხენის ხორცით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში სამი პირი მისცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაავადებულ ცხენის ხორცს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით ამუშავებდა და ინახავდა თბილისში მდებარე ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე.
უწყების ცნობით, სავაჭრო ობიექტებიდან და ბრალდებულთა ფაქტობრივი საქმიანობის ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ცხენის ხორცი. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.