საქართველო წელს ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, Defender 23-ში მონაწილეობას არ მიიღებს. თავდაცვის სამინისტროში წვრთნებზე უარის თქმას ლოგისტიკური ხარჯებით ხსნიან. უწყების პოზიცია მიუღებელია ანალიტიკოსებისთვის და ოპოზიციისთვის. ამბობენ, რომ სამინისტრომ ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის უნარიანობა დაასუსტა.
აშშ-ის საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩო აღნიშნავს, აშშ-მა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილუყო მიმართული.
ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, დამცველი 2023 -ში“ მონაწილეობის არმიღების საკითხზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გუშინ გაავრცელა. სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამ თემაზე ინფორმაცია მიკერძოებულად გავრცელდა, რაც, „წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას თავდაცვის უწყების მიმართ”. სამინისტროს განმარტებით, „დამცველი 2023-ში” მონაწილეობაზე უარის თქმა განპირობებული იყო იმით, რომ მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით.