ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება – ოპოზიცია „უცნობის“ ორგანიზებით ჩატარებულ აქციაზე | 01.05.2023

ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური – ასეთი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან გია გაჩეჩილაძის, იგივე, “უცნობის” ორგანიზებით გამართულ სახელისუფლებო აქციას.  ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, აქციაზე გაჟღერებული თითოეული განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებაა. “ოცნების” მოწინააღმდეგეებმა აქციაზე გაჟღერებული ნეიტრალიტეტის საკითხი დუგინის გეგმას დაუკავშირეს. ამბობენ რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი, ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია.  ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან რომ გუშინ გამართული აქციის უკან “ქართული ოცნება” დგას. ოპოზიციაში ამბობენ რომ  აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების მხრიდან გუშინ გაჟღერებული მოთხოვნები ერთი-ერთში ემთხვევა ქართული ოცნების პოზიციებს. ამბობენ რომ მმართველმა პარტიამ რესპუბლიკის მოედანზე ხალხის მისაყვანად სახელმწიფო რესურსი გამოიყენა და აქციაზე  საკრებულოს, მერიისა და სხვა საჯარო უწყებების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები მიიყვანეს.

“უცნობის” აქციაზე საჯარო მოხელეების ყოფნაში თბილისის მერი პრობლემას ვერ ხედავს, კახა კალაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია დაესწროს პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქციებს. გარდა ამისა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის,  განცხადებით, მადლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელივანია და სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა.

გუშინ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გია გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” ორგანიზებით სახელისუფლებო აქცია გაიმართა. აქციაზე ხალხი რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, მათ შორის, ძირითადად საჯარო სამსახურში დასაქმებულები.აქციაზე ისმოდა ანტიდასავლური, ანტიუკრაინული, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებები. ანტიდასავლურ აქციაზე  “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდისთვის შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მიცემა და საქართველოში “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვა მოითხოვეს. სიტყვით გამოვიდა “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც სამხედრო ნეიტრალიტეტზე ილაპარაკა. მშვიდობის დაცვის ლოზუნგით მოწვეული მიტინგის ორგანიზატორებმა, შეკრებილ ადამიანებს საქართველოს საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლის ინიციატივებითაც მიმართეს.

რესპუბლიკის მოედანზე აქცია სლოგანით “მოვდივარ” გუშინ სამომავლო გეგმებზე საუბრით  დასრულდა.  აქციის ორგანიზატორები  აპირებენ, შექმნან ორი საინიციატივო ჯგუფი, საიდანაც ერთი “დიპლომატიურ კორპუსს ქართველი საზოგადოების აზრი მიაწოდონ”, მეორე ჯგუფი კი იმუშავებს იდეებისა და კანონების შემუშავებაზე, რასაც ხელისუფლებას მიაწოდებენ.  ორგანიზატორების თქმით, შეკრება არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება.