ოკუპანტების მიერ 17 აპრილს სოფელ დვანთან უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია | 21.04.2023

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 17 აპრილს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მამაგულაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“,– ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.