კელი დეგნანი “ქართულ ოცნებას” პასუხობს. საქართველოში ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოსამართლეების სანქცირება დეპარტამენტის მხრიდან, ეფუძნება მრავალი წყაროდან მიღებულ ცნობას. მისი თქმით, ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, იგივე შედეგებამდე მივა. 12 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვლმა, დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ელჩის თქმით, ესაა სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია. პაპუაშვილის განმარტებით, მანამდე “ენობრივი თარგმანის პრობლემა” იყო. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამბობდა, რომ საბოლოოდ ელჩს უკან დახევა და იმის თქმა მოუწია, რომ ეს სანქცია კი არა, “მოსანქციო” რამ არის.
“რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა, ვიზის განსაზღვრა ნიშნავს, რომ გარკვეული პირები და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის არმქონე მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ ამერიკაში შესვლას. რაც შეეხება ინფორმაციის გაზიარებას, ამის საფუძველია საინფორმაციო წყაროების მრავალფეროვნება, მათ შორის არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, დაიწყოს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ინფორმაციის უმრავლესობა ცნობილია და წლების განმავლობაში ფართოდ იყო ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება იმავე შედეგებამდე მივა,” – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამერიკსი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ერთ ყოფილ მოსამართლეს, ვალერიან ცერცვაძეს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ.