მჩაგვრელი , დიქტატორი… – ღარიბაშვილი სააკაშვილზე და სააკაშვილის პასუხი პრემიერს | 27.03.2023

მკვლელი, მჩაგვრელი , დიქტატორი – ამ სიტყვებით მოიხსენია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი.  მთავრობის მეთაურმა  საქართველოს მესამე პრეზიდენტი ტერორისტ ანდრეს ბრეივიკს იმ დროს შეადარა, როდესაც სააკშვილისთვის ნორვეგიაში გადაცემული ჯილდოს საკითხს აფასებდა.  ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, პრიზის გადაცემა ქართველი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფაა. მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზის გადაცემის გადაწყვეტილება ნორვეგიაში მიიღეს. სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა.

მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილს საჯაროდ ასობით ადამიანის მკვლელობაში სდებს ბრალს ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს ჰკითხეს რატომ არ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდებ, რაზეც პრემიერი პასუხობს რომ სააკაშვილი არის გასამართლებული გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის.

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კი მიხეილ სააკაშვილს სადისტი უწოდა და თქვა რომ სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი არ აქვს.

მიხეილ სააკაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მმართველობა დღევანდელმა ხელისუფლებამ მისი აბსურდული ბრალდებებით დაიწყო და ამით ამთავრებს:

“ამდენი წელი მათ უნდათ მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ვერ ამბობენ, ვინ და სად მოვკალი. გირგვლიანის საქმე კი იყო შეწყალებაზე მიბმის საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილი. სწორედ ამიტომ მიწოდებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურ პატიმარს. ამ ბანდის შიზოფრენიამ უკვე უმაღლეს წერტილს მიაღწია და მე მგონი არავის ეპარება ეჭვი, რომ მე ვერ ვიპოვი სამართლიანობას. ერთადერთი, ვინც ჩემს დროს ქართულმა სახელმწიფო ძალებმა დახოცეს ასობით იყვნენ ის რუსი ინტერვენტები, რომელთაც 2008 წელს გადმოკვეთეს ჩვენი საზღვარი. სწორედ ამათ ხოცვაზე საუბრობს ბოლომდე რუსი პრემიერი. სწორედ განადგურებული მომხვდურების ჭირისუფალ მთავრობასთან გვაქვს საქმე. ამათ დაიწყეს ჩემი აბსურდული ბრალდებებით მათი მმართველობა და ამთავრებენ იგივეთი,” – მიხეილ სააკაშვილის პასუხი პრემიერს.

იმ დროს, როდესაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი არ ინტერესდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ექსპრეზიდენტი ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებმა მოინახულეს.  ისინი ასევე “ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმებსა და ადმინისტრაციის წევრებს შეხვდნენ.