ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს ერთიანი “მესიჯით” გამოვიდნენ, როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, – ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა. მეოთხე პრეზიდენტის თქმით, ასეთი საბჭოს შექმნა ერთიან საარჩევნო სიას არ გულისხმობს. როგორც მარგველაშვილი მიიჩნევს, იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა შესაძლებელი გახდეს, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლების შეცვლის ალტერნატივა უნდა შეიმუშაონ. გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ ლეგიტიმაციის არ მქონე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უკეთესია ქვეყნისთვის.
მეოთხე პრეზიდენტის ამ ინიციატივას იზიარებს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ კოორდინირებული მუშაობა ოპოზიციურ პარტიებს შორის აუცილებელია. ამბობენ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ახლა საერთო ძალისხმევა 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისკენ უნდა მიმართონ. რიგგარეშე არჩევნების საკთხზე კი პოლიტიკოსები კონსულტაციების გამართვის აუცილებლობაზე საუბრობენ.