ევროკავშირის ოფიციალური დემარში იუსტიციის მინისტრს სააკაშვილთან დაკავშირებით და „ოცნების“ პასუხი | 28.02.2023

იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ ელჩებთან  შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა. განცხადება მინისტრმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“3 სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა დროის მოკლე მონაკვეთში. დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მითუმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე. პატივს ვცემ მედიის თავისუფლებას, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული,” – წერს რატი ბრეგაძე.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, გუშინ,  ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. დიპლომატის ინფორმაციით, განცხადებას ხელს ევროკავშირის 27 ქვეყანა აწერს.

გუშინდელ დემარშზე, განცახდება, საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმაც გააკეთა. თქვა, რომ მათ ეს გააკეთეს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობებისგან გამოწვეული შეშფოთების გამო.