სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ვიზიტის შემდეგ დამძიმებულია და მას აღენიშნება „სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია და ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით“. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ექპერტთა შეფასებაშია აღნიშნული, პაციენტი მიხეილ სააკაშვილი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში და „შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება“.
“19 თებერვალს ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაგეგმილი ჰქონდათ პაციენტის გასინჯვა და მისი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა. მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური გასინჯვა მოხერხდა, ხოლო, სამედიცინო მასალების ადგილზე მოწოდება, სამწუხაროდ, კლინიკამ ვერ უზრუნველყო არასამუშაო დღის გამო. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა სრული სამედიცინო მასალები 2022 წლის 4 დეკემბრიდან ამ დრომდე და მასალების გაცნობას ექსპერტთა ჯგუფი განახორციელებს დამატებით. ობიექტური გამოკვლევით: გამოხატულია მძიმე სარკოპენია. პაციენტმა დაიკლო კიდევ 5.7 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო. წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 125/75-იდან 60/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების კიდევ უფრო დაქვეითება. შთაბეჭდილება: 1. სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია. 2. ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით. პროგნოზი და რისკები: 1. პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში. შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში. მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. 2. გაღრმავებულია პერიფერული და აუტონომიური ნევროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას. ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით,” – ომბუდსმენის კონსილიუმის განცხადება.