რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართა. მისი ბოლო გამოსვლა ამ ფორმატში 2021 წლის აპრილში შედგა. 2022 წელს მისი გამოსვლა რამდენჯერმე გადაიდო. გაჭიანურებულ პაუზას ანალიტიკოსები იმით ხსნიდნენ, რომ პუტინს სურდა საკუთარი გამოსვლა ბრძოლის ველზე რომელიმე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის დაემთხვია, თუმცა მას შემდეგ ასეთი მომენტი აღარ ყოფილა და 2022 წელს მისი გამოსვლა აღარ შედგა. დღევანდელი გამოსვლის დიდი ნაწილი პუტინმა იმის მტკიცებას დაუთმო, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში გარდაუვალი იყო.
პუტინი ამბობს, რომ ომი დასავლეთმა გააჩაღა, რუსეთი კი ძალას იყენებს მის შესაჩერებლად. კრემლის ლიდერის თქმით რუსეთმა უკრაინაში სრულმაშტაბიანი შეჭრა საკუთარი თავის დასაცავად და ნაცისტური რეჟიმის ლიკვიდაციისთვის დაიწყო.
“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შესაძლებელი იყო, რომ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზებით გადაგვეჭრა. მოთმინეთი ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ამ უმძიმესი კონფლიქტიდან მშვიდობიანი გამოსავლის მოძებნისთვის. მაგრამ ჩვენს ზურგს უკან სულ სხვა სცენარი მზადდებოდა. დასავლეთის მმართველების დაპირებები , მათი რწმუნებები, რომ დონბასში მშვიდობისკენ ისწრაფვიან, სასტიკი ტყუილი აღმოჩნდა, ისინი უბრალოდ დროს აჭიანურებდნენ, ანკესებს აგდებდნენ, თვალს ხუჭავდნენ პოლიტიკურ მკვლელობებზე, კიევის რეჟიმის რეპრესიებზე არასასურველი პირების მიმართ, მორწმუნეების აბუჩად აგდებაზე, სულ უფრო მეტად ახალისებდნენ უკრაინელ ნეონაცისტებს დონბასში ტერორისტული ქმედებებისთვის. თურმე იმ დროს, როცა დონბასი ცეცხლის ალში იყო გახვეული, როცა სისხლი იღვრებოდა, როცა რუსეთი გულწრფელად – მინდა ხაზგასმით აღვნიშნო! – გულწრფელად ისწრაფოდა მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, ისინი ხალხის სიცოცხლით თამაშობდნენ. ისინი ფაქტობრივად, როგორც ცნობილ წრეებში ამბობენ, მონიშნული კარტებით თამაშობდნენ,” – განაცხადა ვლადიმე პუტინმა.
პუტინმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულებაში, რომელიც არის ორმხრივი შეთანხმებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ბირთვული არსენალის ურთიერთშემცირების შესახებ. რუსეთი ხელშეკრულებიდან არ გადის, თუმცა შეთანხმებაში მონაწილეობას აჩერებს. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო პირდაპირ აცხადებენ იმის შესახებ, რომ მათი მიზანი რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაა და დასავლეთი პირდაპირ არის კავშირში რუსულ ავიაციაზე შეტევებთან ამავე დროს კი ნატო რუსეთს მოუწოდებს შეთანხმებას დაუბრუნდეს და დასავლელი ექსპერტები ბითვულ ობიექტებზე დაუშვას.”თუ შეერთებული შტატები ჩაატარებს ცდებს, ჩვენ ჩავატარებთ”– ამბობს პუტინი.
პუტინმა ისაუბრა დასავლეთის მორალურ მხარეზეც. მისი თქმით, დასავლეთი აცხადებს გარყვნილებას, მათ შორის პედოფილიას ცხოვრების ნორმად, ანგრევს საკუთარ ფასეულობებს, მღვდლებს მოუწოდებენ ერთსქესიანთა ქორწინებები დალოცონ. დასავლეთის ელიტები ჭკუიდან გადადიან. მილიონობით ადამიანი კი ამ ქვეყნებში ხვდება, რომ ისინი სულიერი კატასტროფისკენ მიყავთ.