პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს. მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე დეპუტატებს 2022 წელს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ზურაბ აზარაშვილმა დეტალურად ისაუბრა გასულ წელს განხორციელებული პროექტების შესახებ. მათ შორის, ყურადღება გაამნახვილა ფარმაცევტულ პროდუქტზე რეფერენტული ფასების ამოქმედების თაობაზე. მინისტრის თქმით, 15 თებერვლიდან 800 ზე მეტ მედიკამნტზეა ფასები შემცირებული. მინისტრი ამბობს, რომ მედიკამენტების გაიაფება მომავალშიც გაგრძელდება.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული ყველა კლინიკისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა და აკრედიტაციის გამცემი კომპანიიდან ჯანდაცვის სამინისტროში შესაბამისი სერტიფიკატის მიტანა იმისათვის, რომ კლინიკამ სახელმწიფო დაფინანსებით მომსახურების შეთავაზება გააგრძელოს. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა. მინისტრის თქმით, თუ აქამდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა თავად იღებდა გადაწყვეტილებას, თუ სად უნდა გადაეყვანა პაციენტი, ახლა ეს ავტომატურად ხდება ადგილმდებარეობისა და პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გააქტიურდა პარამედიკოსების სერვისი და მალე სამედიცინო უნივერსიტეტი პარამედიკოსების საბაკალავრო პროგრამას ჩამოაყალიბებს.