იურიდიული კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, ევროპულ მედიას კვლავ აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ სტატიებზე “ცენზურა ტენდენციად იქცა”. იურიდიული ფირმა MKD–ის ინფორმაციით, „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი მორიგი მწვავე სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე განმეორებით უარი უთხრეს. ქართული ოცნების დამფუძნებლის დამცველი იურიდიული ფირმის განცხადებით, მკითხველმა უნდა განსაჯოს, “ბანკის მოქმედებები, მოყოლებული 2022 წლის მარტიდან, შესაძლოა თუ არა იყოს კავშირში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან, რომელზე მითითებაც თვითონ ბანკის ტრასტმა გააკეთა 2022 წლის მარტში იმის ასახსნელად, თუ რატომ უგვიანებდნენ ბატონ ივანიშვილს გადახდებს.
“მკითხველმა უნდა სწორად შეაფასოს ის დინამიკა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2022 წლის მარტის ბერმუდას სასამართლო გადაწყვეტილებიდან მოყოლებული, მაის-ივლისის უსაფუძვლო მოთხოვნებითა და გადაანგარიშებებით გაგრძელებული, ევროპარლამენტის რეზოლუციის მოშველიებით საკითხის გადადებით, სასამართლოზე მითითებით გაგრძელებული, სააპელაციო სასამართლოში წარმოთქმული დაუშვებელი ახალი არგუმენტითა და მასზე დაყრდნობით, კლიენტის ადვოკატების დასტურის დაჟინებული მოთხოვნით დაგვირგვინებული და ეს ყველაფერი თანხაზე, რომელიც ჯამური აქტივების 1% თუ არის. სწორედ ამ ყველაფერზე დაყრდნობით კი უნდა გაეცეს პასუხი სტატიის მთავარ კითხვას: ვისი დაკვეთითა და დავალებით მოქმედებს „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი. ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს სრულად მკითხველს და მის ანალიტიკურ უნარებს მივანდობთ. ამ ფონზე, ობიექტურად ჩნდება შემდეგი მთავარი შეკითხვები: ვინ არის ის ძალა, რომელმაც აიძულა მენეჯმენტს ზემოთ აღწერილი უამრავი კანონდარღვევა ჩაედინა? ვინ არის ის ძალა, ვინც ბანკის მენეჯმენტს ბატონი ივანიშვილის შანტაჟი დაუკვეთა? ვინ არის ის ძალა, რომელმაც, ამ ერთი მცირე ეპიზოდის მაგალითზეც გვაჩვენა, რომ ბანკის მენეჯმენტს ბატონი ივანიშვილისთვის თანხის გადახდას უკრძალავს? ვინ არის ის ძალა, რომელმაც ევროპარლამენტს ორჯერ მიაღებინა რეზოლუცია ბატონი ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით და ორივე ჯერზე არ მისცა მისი ბოლომდე რეალიზების, აღსრულების საშუალება, რაც აჩვენებს, რომ მიზანი შანტაჟი იყო და არა რეალური სანქცირება? ვინ არის ის ძალა, ვინც ევროპულ მედიაში წვდომას ბლოკავს მაშინ, როდესაც საქმე ბანკის მენეჯმენტს შეეხება? დაე, მკითხველმა შეაფასოს, არის თუ არა ეს ყოველივე ერთი ცენტრიდან მართული,” – MKD LAW განცხადება.