პრეზიდენტი კულტურის სამინისტროს მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გენინსპექციის შეშვებას ვიდეოთი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ფილმიდან “მონანიება” ნაწყვეტს ავრცელებს და ორბელიანების სასახლიდან დღევანდელ კადრებს ურთავს თან.
სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი, კრიტიკული ფეისბუქ პოსტიდან მეორე დღეს კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის რეზიდენციაში შევიდა. მათ ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად, ორბელიანების სასახლიდან სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარი წაიღეს. მიზეზად მემორანდუმის ვადების დარღვევა დაასახელეს, გარდა ამისა გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი ხუთიდან ერთ-ერთი ნამუშევრის დაზიანების ფაქტზე მიუთითებდა. კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნახატების დასაბრუნებლად ათონელის რეზიდენციიაში დილით შევიდა. ნამუშევრები ზურაბიშივლის სასახლეში 2 წლის განმავლობაში იყო განთავსებული.
წულუკიანის უწყების ეს ნაბიჯი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მორიგ პოლიტიკურ თავდასხმად შეაფასა. პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში ორბელიანების სასახლიდან სვიმონ დადიანის ექსპონატების გატანას გუშინდელ ფეიბუქ პოსტს უკავშირებს სადაც ზურაბიშივლმა საქართველოს მთავრობა სანდრო სულაბერიძის წარწერის გამო საქმის აღძვრისა და ხელოვანების საპროტესტო აქციაზე პოლიციის მობილიზების გამო გააკრიტიკა. მრჩეველი ერთ-ერთი ნახატის დაზიანებასთან დაკავშირებულ ბრალდებასაც პასუხობს და ამბობს რომ არ იციან მიზეზი. ნაცვლიშვილის მცდარს უწოდებს გავრცელებული ინფორმაციას, რომ ნამუშევრები პრეზიდენტის სასახლეში 2 წლით უნდა ყოფილიყო და შემდეგ უკან, ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულიყო.