საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“ – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინელი დიპლომატი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატო-ს საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, თუმცა ოფიციალურად განაგრძობს ევროპული გზის ერთგულების დეკლარირებას. კასიანოვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების განზრახვები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ, ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას, რომელმაც დახურა ფრენები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.