სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა. სასამართლომ ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის სიცოცხლის უფლების დარღვევა პროცესუალურ ნაწილში. ხოლო, არსებით ნაწილში, სიცოცხლის უფლების დარღვევა ვერ დაადგინა. სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის – 10 000 ევროს, ხოლო ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 000 ევროს გადახდა.
მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ევროსასამართლოში განაცხადი სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წარადგინა.
სასამართლომ ნაწილობრივ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ არ უზრუნველყო ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიება ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლის თანახმად, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხება.
შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცველის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა, ის კლინიკაში 10 იანვარს გარდაიცვალა. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, საქართველოში მიმდინარე თითქმის სამწლიანი გამოძიების შემდეგ, 2020 წლის იანვარში პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.