“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, “ტვ პირველის” ეთერში ნიკა მელიას განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს იყო პასუხისმგებლობისგან დაცლილი ინტერვიუ. ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერის გავრცელება ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა. მან მერაბიშვილს ლევან ხაბეიშვილის შტაბის ფაქტობრივი ხელმძღვანელი უწოდა. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს მერაბიშვილი და კეზერაშვილი მართავენ. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაიწყო, როდესაც მელია გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.
პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები “ნაციონალურ მოძრაობაში” 28-29 იანვარს ჩატარდება. პარტიის წევრები შეთანხმდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით აირჩევენ. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობისთვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე ლევან ხაბეიშვილი , გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძვიან.