“რუსეთი პატივს სცემს საქართველოს უნარს გაუძლოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს ის შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ დასკვნით პრესკონფერენციაზე. ლავროვის განცხადებას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტ ალენ ბერსეტთან შეხვედრაზე შვეიცარიულ მხარეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში შუამავლის როლისთვის მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილის და შვეიცარიის პრეზიდენტის შეხვედრა გუშინ დავოსში შედგა.
“ჩვენ ვხედავთ, როგორ იმყოფება საქართველო, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშ, რომელიც მოითხოვს … შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს. ის, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვთ სიმამაცე თქვან, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით და მათი ეკონომიკის ინტერესებით იმოქმედებენ, პატივისცემას იწვევს,” – განაცხადა სერგეი ლავროვმა.