5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 პირს სასჯელი შეუმსუბუქდა | 16.01.2023

5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 პირს სასჯელი შეუმსუბუქდა. ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია. მოსამართლე მაია თეთრაულმა მსჯავრდებულებს – დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს – სასჯელი 1 წლით შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, მსჯავრდებულების ახლობლებმა  სასამართლო დარბაზი შეურაცხმყოფელი შეძახილებით დატოვეს.

პირველი ინსტაციით 5 ივლისის საქმეზე დაკავებულებს  სასჯელის სახედ 5 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯლი. დაკავებულებიდან ბრალს არცერთი აღიარებს. საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში არაერთი მტკიცებულება აქვს წარმოდგენილი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, სადაც დაკავებულების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობაა ასახული. ამასთან, პროკურატურამ არაერთი მოწმე დაკითხა, მათ შორის, სამართალდამცავები, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ ბრალდებულების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას.

2021 წლის 5 ივლისს, როცა თბილისში თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში  “ღირსების მარში” უნდა ჩატარებულიყო, ქუჩაში მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებისა და “ალტ-ინფოს” მოწოდებით რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა, მათ შორის, სიძულვილის ჯგუფები. ამ დღეს “მარში” არ შედგა, თუმცა მიმდინარე პროცესების გასაშუქებლად მყოფ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. 5ივლისის მოვლენების მთავარი სიმბოლო ლექსო ლაშქარავაა,რომელიც გასულ წელს   ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი ნახა. “სირცხილიას” ოფისში  20-მდე პირი ლაშქარავას სასტიკად გაუსწორდა.  გამოძიების დაწყებიდან, რამდენიმე საათში პროკურატურამ  თქვა, რომ გარდაცვალების მიზეზი ზედოზირებაა.

გამოძიების ფარგლებში  27 პირი დააკავეს, 5ივლისის  საქმეს  56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია. ხელისუფლებას არ დაუკავებია ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.