მსოფლი ლიდერებს პუტინის მიერ გამოცხადებული საშობაო ზავის არ სჯერათ | 06.01.2023

მსოფლიო ლიდერებს პუტინის  მიერ გამოცხადებული ე.წ. საშობაო ზავის არ სჯერათ.  აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ პუტინი მზად იყო დაებომბა ეკლესიები, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები 25 დეკემბერს და ახალ წელს, ახლა კი ბაიდენის შეფასებით, პუტინი  „სულის მოთქმას“ ცდილობს.

“რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული ძალები 6-7 იანვარს მართლმადიდებლური შობის აღსანიშნავად ცეცხლს  36-საათით წყვეტენ, სავარაუდოდ, საინფორმაციო ოპერაციაა, რომელიც უკრაინის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად,” – ამის შესახებ ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული. ანალიტიკოსების განცხადებით, პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების რელიგიურ ნიადაგზე აგება დამატებით აძლიერებს კიდევ ერთ რუსულ საინფორმაციო ოპერაციას, რომელიც პუტინს ქრისტიანული სარწმუნოების „ნამდვილ მფარველად“ წარმოაჩენს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ვიდეომიმართვაში  პუტინის საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებას სულის მოსათქმელად ფარისევლური მცდელობა უწოდა. ზელენსკიმ მისი ვიდეომიმართვის  მეორე ნახევარი პუტინის განცხადებას მიუძღვნა და ამ ნაწილში რუსულ ენაზე  რუსეთის მოქალაქეებს მიმართა.  უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ უკრაინა უკვე გამოვიდა თავისი „მშვიდობის ფორმულის“ შეთავაზებით, მაგრამ მასში მთავარი ელემენტი რუსი ოკუპანტების გაყვანაა.

„რუსეთის საოკუპაციო ჯარების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანა არის გარანტირებული და საიმედო გზა ცეცხლის, ადამიანური დანაკარგების და ზოგადად ომის შესაჩერებლად. ახლა მათ უნდათ შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და მობილიზებული სამხედროების ჩვენს პოზიციებთან ახლოს თავმოყრა შეძლონ. რას მოგვცემს ეს? მხოლოდ დანაკარგების მორიგ ზრდას. მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი ომში სულის მოთქმის შესაძლებლობას. იყენებს იმისთვის, რომ ომი ახალი ძალით განაგრძოს.   ომი დასრულდება მაშინ, როდესაც თქვენი ჯარისკაცები ან წავლენ, ან ჩვენ მათ გავყრით. ასე რომ, დაე წაიღონ უნიტაზები – გზაში დასჭირდებათ – და დაბრუნდნენ სახლებში. იმისათვის, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, სულ სხვა რამ არის საჭირო: რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გამონახონ გამბედაობა საკუთარ თავში მინიმუმ 36 საათის განმავლობაში, სულ მცირე, შობის დროს, რათა განთავისუფლდნენ თავიანთი სამარცხვინო შიშისგან ერთი ადამიანის მიმართ კრემლში. მისდამი თქვენი შიში ანადგურებს თქვენს ქვეყანას,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში აცხადებენ, რომ პუტინის გეგმა ბანალურია.

“კიევმა უარყო „ქრისტიანული მოწყალების ხელი” – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი რუსულ “საშობაო ზავზე” უკრაინის ხელისუფლების  პოზიციას.

“ქრისტიანული მოწყალების ხელი გაუწოდეს უკრაინელებს დიდ დღესასწაულზე. მათმა ლიდერებმა უარყვეს ეს. ვფიქრობ, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობამ მშვიდად ამოისუნთქა, როდესაც გაიგეს უარი  შობის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტაზე. ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა იქნება“, – წერს   მედვედევი ტელეგრამ არხზე.

ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს  რუსეთის ჯარს საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა და უკრაინელებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა. თავდაპირველად  საშობაო ზავის ინიციატივა პატრიარქმა კირილმა გააჟღერა.