“ცხადია, რომ ბანკის, Credit Suisse-ის მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას”, – ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები აქვეყნებენ და „კრედიტ სუისსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, პრესრელიზს ავრცელებენ. “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ინტერესების დამცველების განმარტებით, რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, სადაც ივანიშვილის სანქცირება მოითხოვეს, Credit Suisse-ის ერთერთმა თრასთმა ოლიგარქს თანხის მცირე ნაწილი გადაურიცხა.
“ბანკი უკვე ფას-დაკარგულ რეზოლუციაზე დაყრდნობით არ ურიცხავდა კლიენტს თანხას და ვერც ნორმას უთითებდა, რის საფუძველზეც ამას აკეთებდა. იგი ბენეფიციარს ეუბნებოდა, რომ საკუთარ უდავო თანხას მხოლოდ მაშინ გადაურიცხავდა, თუკი ამას სასამართლო დაავალებდა, რადგან სხვაგვარად იგი ევროპარლამენტის რეზოლუციით იყო თითქოსდა შეზღუდული. აქ მთავარი და გაუგონარი აბსურდი იმაში მდგომარეობს, რომ ბანკის ერთი ტრასტი თვეებია თანხას არ რიცხავს და სასამართლო-სასამართლო დაგვატარებს უდავო თანხაზე, ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციის მოშველიებით; ხოლო მეორე ტრასტი, სადაც მცირე თანხა იყო, გადარიცხვას მეორე, დეკემბრის რეზოლუციიდან მეორე დღესვე აკეთებს, მაშინ როდესაც ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია, ახალი და, შესაბამისად, თეორიულად სიცოცხლისუნარიანია – ის ჰიპოთეტურად შეიძლება გაიზიაროს კიდეც ევროპის საბჭომ. ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და ეს „ფასი“ იცის „კრედიტ სუისს“-მაც. სწორი იქნებოდა, რომ ბანკს პირველ შემთხვევაშიც ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა მეორე შემთხვევაში. ამ პირობებში კი გამოვიდა, რომ სინგაპურის მოსამართლის უარყოფითი შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით ორივე რეზოლუციის უგულებელყოფა შესაძლებელი ყოფილა, ხოლო მხოლოდ ივნისის რეზოლუციის საბაბით ბანკი გერნსის ტრასტთან დაკავშირებულ საკითხზე ხანგრძლივი სასამართლო პროცედურების გავლას მოითხოვს ჩვენგან. ერთი მხრივ, ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს და სასამართლოში გვიშვებს ევროპარალამენტის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც იგნორირებულ იქნა, როგორც ევროპის საბჭოს, ისე ევროკომისიის მიერ, რითაც გაგვიფორმა გადმორიცხვის დაგვიანება სულ მცირე ერთი წლით,” – ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების განცხადება.