ერთ-ერთ რუსულ ტელეგრამ არხზე გავრეცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, საქართველოში ვიზიტს აპირებს. ინფორმაციის დადასტურება, მედიის წარმომადგენლებმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სთხოვეს, თუმცა, მან თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ტელეგრამ არხი წერს, რომ საიდუმლო ერთდღიანი ვიზიტისას იგეგმება რიგი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
სერგეი კირიენკოს საქართველოში სავარაუდო ჩამოსვლას, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა გამოეხმაურა. მან, თქვა, რომ შესაძლოა ეს იყოს ტყუილი და პროპაგანდისტული ნაბიჯი, ქართველი ხალხის რეაქციის გასაგებად. თუმცა, თუ პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენელი საქართველოში ნამდვილად ჩამოვა, ქაცარავას შეფასებით, მას ქართველმა ხალხმა გავრილოვისა და პოზნერის მსგავსი დახვედრა უნდა მოუწყოს.
ტელეგრამზე გავრცელებული ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დასტურდება.