გუშინდელი სასამართლოს შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ობიექტივში მოექცა. დილიდან მსოფლიო მედია სააკაშვილის მოწამვლასა და პუტინის კავშირზე საუბრობს. პატიმარი ექსპრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მომზადებული რეპორტაჟით გაიხსნა დღეს CNN-ის ეთერიც, სადაც სტუმრები ამერიკელი ადვოკატი, მასიმო დი ანჯელო და მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი იყვნენ. ჟურნალისტმა დასვა კითხვა: “დგას თუ არა საააკშვილის მოწამვლის უკან ვლადიმერ პუტინი, რომელიც სააკაშვილის ნომერ პირველი მტერია.” მაყურებლებს აჩვენეს ვ ფოტოები სასამართლო პროცესებიდან. ეთერში გავიდა ის კადრებიც, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. ედუარდ სააკაშვილი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მტკივნეულია საკუთარი თვალით ხედავდეს, თუ როგორ უარესდებოდა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა.
“მე მქონდა მისი მონახულების შესაძლებლობა და ვხედავდი, როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა თვეების განმავლობაში. ხელისუფლება ავრცელებს ინსინუაციებს, რომ ეს ყველაფერი ყალბია, მაგრამ ბოლო ჩანაწერი ცხადყოფს იმას, თუ რამდენად გაუარესდა მისი მდგომარეობა. იმედია, ახლა იქნება უფრო მეტი ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, შედეგი იმაზე უარესი იყო, რასაც ველოდით. ერთია ვინმე ჩასვა ციხეში, ეს რა თქმა უნდა, მძიმეა ოჯახისთვის და მეგობრებისთვის, მაგრამ მეორეა ადამიანის ასეთ დღეში ჩაგდება პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში. აშკარაა, ის სიცოცხლისთვის ბრძოლის ზღვარზეა,” – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.
გავლენიანმა მედიამ მასალის მომზადებისას ყურადღება გაამახვილა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაზეც, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა. CNN-ის გარდა მიხეილ სააკაშვილის შესახებ არაერთი ბეჭდური მედია თუ გავლენიანი ტელევიზია საუბრობს. “საკუთარი თავის აჩრდილი”- ასე მოიხსენიებენ გავლენიანი გამოცემები მიხეილ სააკაშვილს.