ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. ამის შესახებ, ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას მიმართა, მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში.
„მინდა, მივმართო საქართველოში ყველა ჩვენს მეგობარს და, უბრალოდ, კეთილსინდისიერ ადამიანებს. ალბათ ყველამ ნახა, როგორ მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი, როგორ მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა. ამიტომ მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს ხელისუფლებას – საჭიროა გულმოწყალება, განსაკუთრებით, წინასაშობაოდ. ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არის ბოროტება. ეს არ შეეფერება საქართველოს. ეს უნდა შეწყდეს. გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში. სწორედ ახლა არის ამ კეთილი ნაბიჯის გადადგმის დრო,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გამოეხმაურა. როგორც ნიკა მელია აცხადებს, ახლა ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა მიიღოს, ხელისუფლება „ზელენსკის თხოვნას შეასრულებს, თუ კრემლის დირექტივას“. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე უკრაინის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის გამოჩენილი ძალისხმევისთვის მადლობას უხდის.