დიპლომტიური კორპუსის წარმოამდგენლებმა, პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ, მიხეილ სააკაშვილის კადრებზე, მედიასთან შეფასებები გააკეთეს. საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ შეშფოთებულები არიან მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო. საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის, განცხადებით, სასამართლო პროცესები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით უნდა წარიმართოს.
კლინიკა “ვივა მედში” გადაღებული მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას პენიტენციური სამსახურის მხრიდან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება და მიიჩნევს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად, კადრების გავრცელების ლეგიტიმური მიზანი და ადეკვატურობა ვერ დასტურდება.
14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის, დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. კადრების დიდი ნაწილი კი 4 ოქტომბრით თარიღდება. უწყებამ კადრების გასაჯაროება “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით” ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა “იმედის” ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების “სწორად ინფორმირება” იყო. გუშინდელ სასამართლოზე, პენიტენციურმა სამსახურმა, მიხეილ სააკასვილი პროცესზე არ ჩართო, მიზეზად კი ტექნიკური მოწყობილობების არ ქონა დაასახელა. მოსამართლე, გიორგი არევაძემ, პროცესი, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლების ან გადავადების შუამდგმლობა უნდა განხილულიყო, 22 დეკმებრამდე გადადო.