ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის პორტის სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მათი თქმით. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილ სამომავლო გეგმას წარმატება არ უწერია. როგორც კონსორციუმში განმარტავენ, მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის მაშინ, როცა გეგმავს პროექტში 51%-იანი საკონტროლო ინტერესის აღებას, აბსურდულია.
“მთავრობამ ვერ შეძლო სათანადო ინვესტორის ან პორტის ოპერატორის მოძიება, რომელსაც სურს განახორციელოს ეს პროექტი მიმდინარე საარბიტრაჟო დავის ფონზე და პოლიტიზებული ქართული სასამართლო სისტემის პირობებში, რომლის რეფორმირებაც მთავრობამ ვერ შეძლო. მოსაზრება, რომ პრემიერ–მინისტრს სურს, მთავრობამ „სასწრაფოდ“ გააგრძელოს ანაკლიის პროექტი, აშკარად მცდარია. ანაკლიის პროექტის შეწყვეტის შემდეგ თითქმის სამი წელია მთავრობას არაფერი გაუკეთებია. ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი აქციონერებისთვის არბიტრაჟის დაწყება იყო უკანასკნელი საშუალება, რაზე წასვლაც აიძულა მთავრობის მტკიცე წინააღმდეგობამ. ჩვენი სურვილია, ვიხილოთ ანაკლიის პორტის განვითარება – უბრალოდ და მარტივად. მთავრობის ამ უახლეს სქემას წარმატების შანსი არ აქვს და ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის. ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ჩერდება და სურს სხვას დააბრალოს თავისი წარუმატებლობა,” – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადება.
გუშინ, მთავრობის სხდომაზე, ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის აშენებაზე ისაუბრა და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ქვეყნის ძარცვაში დაადანაშაულა. ღარიბაშვილის მტკიცებით, ინვესტორებმა ვერ შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ღარიბაშვილის განცხადებით, პორტის აშენების მიღმა არა კეთილსინდისიერი ზრახვა, არამედ “გამდიდრებისა და ძარცვის იდეა” იყო. მან თქვა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. ცნობისთვის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ხაზარაძე იყო, საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება 2020 წელს გაწყვიტა.