მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა 14 დეკემბერს 11:00 საათისთვის გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძეს ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების განხილვა უნდა დაეწყო. სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სხდომის გადადების მიზეზი ტექნიკური საკითხები იყო. სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენეს. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ სახალხო დამცველის მოსაზრება და ასევე, დამატებითი დოკუმენტები მიიღო, რის გაცნობასაც, მისი განცხადებით, დრო სჭირდება.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პენიტენციურმა დაწესებულებამ საავადმყოფოდან გამოგზავნილი წერილი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ექიმი მოცემულ მომენტში სააკაშვილის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა, წერილს ხელს, კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი აწერდნენ. სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მესამე პრეზდიენტის მდგომარეობა მძიმეა და ახლა ყოველი წუთი გადამწყევტია.
პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ახლა ყოველი დღე მნიშველოვნია, და სასამართლომ გადაწვყეტილება დროულად უნდა მიიღოს
საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, პროცესი, 5 დღეში განახლდება. მოსამართლე, გიორგი არევაძე, 14 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ საკუთარ პროცესზე, დისტანციურად დასწრების საშუალებას მისცემს.