სახალხო დამცველის შეფასებით, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება. როგორც სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, ნინო ლომჯარიამ დაასრულა ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენის შესწავლა და მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი- ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით. ლომჯარია პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეიწყალოს მსჯავრდებული მედიამენეჯერი.
“სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი სააპელაციო განაჩენი არ არის დასაბუთებული, წარმოადგენს კორპორატიული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას და საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივი გადაწონის მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს. პოლიტიკოსების განცხადებების, ქვეყანაში არსებული მედია გარემოს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებების გათვალისწინებითა და იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მართლმსაჯულება არსებითი ხარვეზებით განხორციელდა, ხოლო თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ნიკა გვარამიას მიმართ იქნა გამოყენებული, ნათლად ადასტურებს, რომ საქმეში არსებულ კანონიერ მიზანს პოლიტიკური მიზანი გადაწონის. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენები სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არ შეესაბამება და აქვს დასაბუთებულობის პრობლემა. სახალხო დამცველის აღნიშნული შეფასება ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ და მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების მექანიზმი ნიკა გვარამიასთან მიმართებით,” – სახალხო დამცველის შეფასება ნიკა გვარამიას საქმეზე.