ყოფილი ქართველი დიპლომატები სააკაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ | 06.12.2022

30-ზე მეტი ყოფილი  ქართველი დიპლომატი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.   მიმართვას  სოციალურ ქსელში ზურაბ ჭიაბერაშვილი ავრცელებს.  წერილში, დიპლომატები საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვენ, სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობაზე რაც შეიძლება მკაცრი რეაგირება მოახდინონ. წერილი ევროკავშირს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეუთოს და მათ საპარლამენტო ორგანოებს, ასევე მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნა. დიპლომატები წერენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესების ფონზე, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ჩატარებული ანალიზებისა და კვლევის შედეგები, რაც ავლენს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, წამებასა და მძიმე ლითონით მოწამვლას.

“ჩვენ, ყოფილი ქართველი დიპლომატები, ამ წერილით უკიდურესად საგანგაშო საკითხზე მოგმართავთ. მას შემდეგ, რაც 2021 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, პრეზიდენტ სააკაშვილის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ახლა მას აქვს პატიმრობით გამოწვეული ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც განუხრელად აუარესებს მის მდგომარეობას. ამასთან, მედიკოსთა ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოაჩინა დარიშხანისა და მძიმე ლითონების, მათ შორის ვერცხლისწყლის კვალი. ამიტომ ექსპერტები მკაცრ რეკომენდაციას უწევენ მის სასწრაფო გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში შეერთებულ შტატებში ან დასავლეთ ევროპაში. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციით დადგინდა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი რეჟიმის პოლიტპატიმარია. ის უნდა გათავისუფლდეს. როდესაც საქართველო ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ცდილობს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ევროპის მთელი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, მოვლენათა დღევანდელი განვითარება აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ, ყოფილ ქართველ დიპლომატებს, გვსურს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მივიპყროთ და მოვუწოდებთ შესაბამის მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დღევანდელ მდგომარეობაზე რაც შეიძლება მკაცრი რეაგირება მოახდინონ”, – დიპლომატების მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას.