რაჭაში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. დაზიანებულია გზები და ხიდები, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და განადგურებულია მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები. ადიდებულმა მდინარემ დატბორა სოფელ უწერთან, შოვთან და სოფელ ღებთან მისასვლელი გზებიც. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ადიდებულმა რიონმა ათამდე ხიდი წაიღო. ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზაც. ჯაფარიძის თქმით ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2000-მდე ადამიანია ჩარჩენილი და მათ გამოსაყვანად შემოვლითი გზების მოწყობა მიმდინარეობს.
სტიქიამ დააზიანა მაღლი ძაბვის გადამცემი ხაზებიც, რის გამოც მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის მიერ დაზიანებული გზის გამო, “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლები დაზიანების ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ისინი შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
ძლიერი წვიმა რაჭაში გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და რამდენიმე სოფლის დაზარალება გამოიწვია. რა ზარალი მიაყენა სტიქიამ რეგიონს ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ზარალის დასათვლელად რამდენიმე დღე დასჭირდებათ.