მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამჯერად სახალხო დამცველისაგან მიიღო. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის „ვივამედში“ მონახულების შედეგად შეექმნა. ცნობილია ისიც, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით მოქმედი პრეზიდენტი ექიმებსაც ესაუბრა, თუმცა ჯერჯერობით ისევ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის სააკაშილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ სასამართლო მეგობრის მოსაზრებით ან რეკომენდაციით შესაბამის უწყებებს მიმართონ, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდოგმაროების შესახებ სამედიცინო დასკვნა გასაჯაროვდება. ომბუდსმენმა მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივამედში 28 ნოემბერს მოინახულა. ლომჯარიამ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ეს ვიზუალურადაც ჩანს.
მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების და სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები დღეს ან ხვალ მიმართავენ. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით მიხეილ სააკაშვილისთვის დასმული დიაგნოზები არა მხოლოდ მისთვის სასჯელის გადავადების, არამედ სასჯელისგან სრულად გათავისუფლების საფუძველს იძლევა. ადვოკატი ამბობს, რომ დაიკითხება 20-მდე მედიკოსი, მათ შორის მოსამართლეს ჩვენებას მისცემს “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ბრიფინგი გამართა გუშინ იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს სთავაზობს, ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი უცხოური კლინიკიდან, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთოს მის მკურნალობაში. მინისტრი ამბობს იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია მსჯავრდადებული პატიმრის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობა. რაც შეეხება სასჯელის გადავადებას, მინისტრის თქმით, შესაბამისი მიმართვა სასამართლომ უნდა განიხილოს წარდგენილი დასკვნების საფუძველზე.