ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი დავით სერგეენკოს უპირისპირდება. საავადმყოფოს ხელმძღვანელობის უკმაყოფილება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. ამჟამად უკვე საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამების ინიცირებასა და განხორციელებაში მის მიერ გაწეულ სამუშაოზე და დამსახურებაზე ისაუბრა, რამაც სავარაუდოდ კლინიკის ხელმძღვანელების გაღიზიანება გამოიწვია. საპასუხოდ, დღეს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის Facebook გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც ინფექციონისტები დავით სერგეენკოსგან ითხოვენ პასუხს კითხვაზე – თუ რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება – განადგურების პირას.