სამი პარტია – „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ სენატორების შეფასებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში დარწმუნდნენ, რომ „ოცნება“ არ აპირებს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას, რაც აშშ-ის აზრით, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაა. სამ ოპოზიციურ პარტიაში განმარტავენ, რომ აშშ-საც ცხადად აქვს გაცნობიერებული საქართველოში ოლიგარქიული მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების სიმძიმე.
„აშკარაა “ქართული ოცნების” მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების განცხადებები და მათზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ საბოლოოდ აირჩიეს რუსეთის მხარე. სწორედ ახლა, როგორც არასდროს, დგება ერთიანობის და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა. სენატორებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა არა მხოლოდ გააკრიტიკეს დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის მიმართ საქართველოს მთავრობის ქმედებები, არამედ ისაუბრეს საქართველოსთვის დახმარების პირობითობაზეც კი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერა დამოკიდებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის ქმედებებზე. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ „ქართული ოცნების მცდელობები, შეცდომაში შეიყვანოს დასავლეთი და საკუთარი თავი პროდასავლურ ძალად წარმოსახოს, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვის არის დამაჯერებელი. უმნიშვნელოვანესია, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სწორად შევაფასოთ და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, რათა შევძლოთ სწორი ნაბიჯების გადადგმა,” – ნათქვამია სამი პარტიის ერთობლივ განცხაებაში.