12 ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს | 07.11.2022

12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი დოკუმენტი ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ გაასაჯაროვა.  ხელმომწერთა შორის არიან ანდრიას კუბილუსი, მირიამ ლექსმანი, ანა ფოტიგა  და სხვები.  განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, შეუთავსებელია, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან.

“ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო. საქართველო მრავალი წელია ევროინტეგრაციის გზაზე დგას. ეს გზა ადვილი არ არის, მაგრამ მას მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა.  სამწუხაროდ, საქართველო ფართოდ აღიქმება, ქვეყნად, სადაც შესაძლებელია ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის კრიტიკული საზოგადო მოღვაწეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან. ევროპარლამენტმა დაგმო ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორის, ნიკა გვარამიას საეჭვო ბრალდებები ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და საბუთების გაყალბების შესახებ, რომლებიც მის წარსულ საქმიანობას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორობას, უკავშირდება. ეს განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმებოდა, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მიერ კრიტიკული ხმის ჩახშობა, თუმცა 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. ეს საქმე ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებულ უნდობლობას, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას, ის ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლებაზე და კიდევ უფრო იწვევს პოლარიზაციას. ამიტომ მოგმართავთ მოწოდებით, განიხილოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია გათავისუფლდეს ციხიდან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იკისრებთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში,” – ევროპარლამენტარების მიმართვა სალომე ზურაბიშვილს.