ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციამ სარჩელი 16 ჟურნალისტთან დაკავშირებით კონვენციის 4 მუხლის დარღვევის დასადგენად გააგზავნა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიება არაეფექტურია, რადგან ამ დრომდე დაუსჯელია ყველა ორგანიზატორი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებმაც 5 ივლისს ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობა წაახალისეს.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ 5 ივლისის საქმემ და ორგანიზატორების დაუსჯელობამ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა წაახალისა და მედიაგარემო კიდებ უფრო დაამძიმა.
2021 წლის 5 ივლისს, როცა თბილისში ლგბტ “ღირსების მარში” უნდა ჩატარებულიყო, ქუჩაში მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებისა და “ალტ-ინფოს” მოწოდებით რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა, მათ შორის, სიძულვილის ჯგუფები. ამ დღეს “მარში” არ შედგა, თუმცა მიმდინარე პროცესების გასაშუქებლად მყოფ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. აქციის მონაწილეებმა სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სწორედ სირცხვილიას ოფისში სასტიკად გაუსწორდნენ “ტვ პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც ცემიდან 6 დღეში გარდაიცვალა. საქმეზე 30-მდე პირია დაკავებული. სასამართლომ მათ 1-დან 3 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ხელისუფლებას არ დაუკავებია ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.