„ვითხოვთ ღირსეულ ანაზღაურებას,“ —ამ ლოზუნგით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა აქცია გამართეს. სასწრაფო სამედიცინო დამხარების თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის უშედეგოდ იბრძვიან. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება მძღოლებს და ექიმებს 2023 წლის იანვრიდან ხელფასის 10%-იან ზრდას შეჰპირდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან ამჟამინდელი ანაზღაურება მიზერულია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ამბობენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება და რადიკალურ ზომებს მიმართავენ.