თბილისის მერიის წინააღმდეგ თბილისელების ქონების გაფლანგვის ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე ავრცელებს. ნადირაძის თქმით, ადგილი აქვს დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას და სახელმწიფო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ დედაქალაქის მერი გამოძიების მიმდინარეობას უარყოფს, ამიტომ აუცილებელია გამოძიების დეტალებზე საგამოძიებო უწყებამ ისაუბროს.
ირაკლი ნადირაძის ბრალდებებს თბილისის მერმა უპასუხა. კახა კალაძის განცხადებით, მერიის არცერთი თანამშრომელი პროკურატურას გამოკითხვაზე არ დაუბარებია. მერი ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტს დაქევმედებარებული ქონების განკარგვა მხოლოდ აუქციონის საფუძველზე ხდება.
დღეს, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ბრალდებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული მოძრაობის წეფრები ამბობენ, რომ მეტროსადგურ “გოცირიძის” გახსნის გაჭიანურება კორუფციის შემთხვევებს უკავშირდება. მოძრაობის ინფორმაციით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ გასულ წელს გაფორმდა და სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა აღნიშნული მეტროსადგური მგზავრებს ჯერ კიდევ ვერ ემსახურება. თბილისის მერი კი ამბობს, რომ „გოცირიძის“ მეტროს სამუშაოები დასრულებულია და ექსპლუატაციაში მიღების პროცესი მიმდინარეობს.