“უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეგიონები რუსეთს აქვს ოკუპირებული” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას პაპუაშვილმა აქცენტები გააკეთა უკრაინის მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს.
“24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა. დასავლეთში ბევრისთვის ეს შეიძლება, მოულოდნელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, მოლდოველებს და უკრაინელებს ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი. ქართველი ხალხი მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი გახდა როგორც 2008 წელს, რაც თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ისე 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ ვიხილეთ, რუსული ტანკები როგორ ანადგურებდნენ საქართველოს სოფლებს, რუსული თვითმფრინავები კი როგორ ბომბავდნენ ჩვენი უკეთესი მომავლის იმედებს. ჩვენ შევესწარით ასობით ათასი ადამიანის გამოძევებას წინაპართა სახლებიდან; ხოცვა–ჟლეტას და ეთნიკურ წმენდას გამოქცეულები თვეებისა და წლების მანძილზე როგორ აფარებდნენ თავს გაყინულ კედლებში საკუთარ შვილებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას. რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას. ჩვენ უკრაინის მიმართ სოლიდარობა ყველა ძირითად საერთაშორისო ორგანიზაციაში გავახმოვანეთ და ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც. ამავე დროს, საქართველო არ დაუშვებს, რომ საკუთარი ტერიტორია და ფინანსური სისტემა გამოყენებულ იქნას 24 თებერვლის შემდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების, ძირის გამოთხრის ან თავიდან არიდების მიზნით. უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად არის ეგზისტენციური საფრთხის წინაშე, რამეთუ ჩვენი ისტორიული რეგიონები დიდი ხანია, რუსეთს აქვს ოკუპირებული. ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის და მათი სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტიც. ყირიმში უკრაინის დროშის დაბრუნება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფლებას ყირიმის ყველა მაცხოვრებლისთვის, მათი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმაც. ნენსი პელოსიმ პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები ომში გამარჯვებამდე უკრაინის გვერდით იდგება.